სიახლეები / კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაცია

02.02.2016
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. დოკუმენტის საბოლოო ვერსიის დამტკიცებამდე, სამინისტრო გეგმავს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე, კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან.

2 თებერვალს, ამ საკითხთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში გაიმართა ბრიფინგი, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა.

შეხვედრების მეორე ეტაპი თებერვალშია დაგეგმილი და 11 რეგიონულ, 10 დარგობრივ და 4 თავისუფალი დასწრების ფორმატის შეხვედრას გულისხმობს. პირველი შეხვედრა გაიმართება 3 თებერვალს, 10:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან.
 
შეხვედრები, აგრეთვე, გაიმართება საქართველოს რეგიონებში (ბოლნისი, ხობი, ქობულეთი, ოზურგეთი, საგარეჯო, დუშეთი, ონი, წყალტუბო, ხაშური, ბორჯომი). პარალელურად, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით, დაგეგმილია შეხვედრების ციკლი თბილისში, კულტურის სფეროს პროფესიულ წრეებთან და დაინტერესებულ მხარეებთან (შშმ პირები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია და სხვ.). ბოლო ოთხი შეხვედრა თავისუფალი დასწრების ფორმატით ჩატარდება. დაინტერესების შემთხვევაში, დასწრება და ასევე, მონაწილეობის მიღება დისკუსიასა და დოკუმენტის საბოლოო ფორმირებაში საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეეძლება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტებზე მუშაობის ისტორიაში.
 
საზოგადოებასთან კონსულტაციების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, დოკუმენტის შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით, დოკუმენტის სამუშაო ვერსია განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე, სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე (www.culturepolicy.ge). რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაზიარების საშუალება მსურველებს თებერვლის ბოლომდე მიეცემათ.
 
კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2015 წლის იანვრიდან დაიწყო კულტურის სტრატეგიის გზამკვლევის შემუშავებით, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. აღნიშნულ პროცესში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამართა შეხვედრების პირველი ეტაპი: შედგა სულ 34 რეგიონული, დარგობრივი და უწყებათაშორისო შეხვედრა კულტურისა და შემოქმედების სფეროს მოღვაწეებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (სულ ესწრებოდა 2000-მდე ადამიანი). შეხვედრების პარალელურად, მიმდინარეობდა კონსულტაციები - შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარება როგორც წერილობით, აგრეთვე სხვადასხვა ელექტრონული რესურსის საშუალებითაც (ვებგვერდი, ელ.ფოსტა, ცხელი ხაზი, სპეციალური ონლაინ კითხვარი და სხვა).
 
კულტურის სტრატეგიის მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.

საქართველოს კულტურის სტრატეგია - სამუშაო ვერსია. 
 


კალენდარი

აპრილი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10