სიახლეები / მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის გზამკვლევის პრეზენტაცია

მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის გზამკვლევის პრეზენტაცია

04.05.2018
1 მაისს კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სამინისტროს მიერ შემუშავებული გზამკვლევის - „ერთად შევქმნათ სპორტის პოლიტიკა“ პრეზენტაცია გაიმართა. კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თანამშრომლობისა და ჩართულობის შედეგად, სპორტის პოლიტიკის შემუშავების ახალი ეტაპი იწყება.

იხილეთ ფოტოგალერეა

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავების პროცესში საჯარო კონსულტაციებს იწყებს. სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე, სპორტის პოლიტიკის მნიშვნელობაზე, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და პარლამენტის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრეს.
შეხვედრას, რომელსაც სპორტული ორგანიზაციებისა და ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურმა წარმოადგინა „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარებისა სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი“.
გზამკვლევში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიის შემუშავების ეტაპები, განსახორციელებელი ღონისძიებები და ვადები. სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების, დამოუკიდებელი ექპერტების, კერძო სექტორისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობა. დაინტერესებული მხარეების ჩართვა გათვალისწინებულია საჯარო კონსულტაციებისა და სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრების ორგანიზების გზით.
მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის შესამუშავებლად 2018 წლის მაისიდან დაგეგმილია რეგიონული შეხვედრები. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი უზრუნველყოფს საჯარო კონსულტაციების პროცესის წარმართვას - სტრატეგიისა და საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე საჯარო დისკუსიებს საქართველოს რეგიონებში. საპარლამენტო კომიტეტი, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), USAID-ის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის (UKaid) ფინანსური მხარდაჭერით, ხელს უწყობს პროცესის საჯაროობას, ასევე მუნიციპალურ დონეზე დაინტერესებული პირების ჩართვას განხილვებში.
„მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შემუშავება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში მასობრივად ჩაბმას, სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელზეც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს დაიწყო მუშაობა, ემსახურება დარგში სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
„მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიასა“ და „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე.
საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრატეგიის გზამკვლევი და სხვა ინფორმაცია  გამოქვეყნდება პორტალზე cultureandsports.gov.ge და Facebook გვერდზე "კულტურა და სპორტი მდგრადი განვითარებისთვის".

ხილეთ გზამკვლევის პრეზენტაცია. 
 
იხილეთ გზამკვლევი ქართულ და ინგლისურ ენებზე
 


კალენდარი

აპრილი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
30 31 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 1 2 3
4 5 6 7 8 9 10